საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ბიჯიესში
ბიჯიესში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება და მისი მთავარი მიზანი სკოლის „შვილობილის“, ცოტნე მიქუტიშვილის მხარდაჭერაა. საქველმოქმედო აქცია, მეთორმეტეკლასელებმა მარიამ დავითულიანმა და ალექსანდრე ლაბაძემ გახსნეს. სახლებად დაყოფის შემდეგ, მათი ლიდერების მიერ ღონისძიების საზეიმო გახსნა სკოლის ტრადიციად დამკვიდრდა.
აქციაში აქტიურად იყო ჩართული მთელი სკოლა. ღია ცის ქვეშ მოეწყო მოსწავლეების მიერ კერამიკისა და ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მეათეკლასელი ლუკა ლობჟანიძის ფოტოგამოფენამ, რომელიც თავად მანვე მუსიკალურად გააფორმა. ქველმოქმედებას მოხმარდა, სტუმრებისთვის მოწყობილი სპეციალური კაფიდან შემოსული თანხაც, სადაც უფროსკლასელების მომზადებული ტკბილეული და კერძები გაიყიდა.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მინი-ჭადრაკის ტურნირსა და შემეცნებით თამაშებში, ასევე ჩართულიყვნენ ლოტოს გათამაშებაში, რომლის საპრიზო ფონდზე მშობლებმა იზრუნეს. მხიარულ განწყობაზე მოწვეული სტუმრები, ზალიკო სულაკაური და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ზრუნავდნენ.
აღსანიშნავია, რომ აქციაში ყოველწლიურად მონაწილეობენ კურსდამთავრებულები და მშობლები. ბიჯიესი მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს გამოჩენილი გულისხმიერებისა და თანადგომისთვის.


Leave A Comment