ბიჯიესში მე-19 გამოსაშვები საღამო საზეიმოდ აღინიშნა

საგანმანათლებლო კალენდარში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ღონისძიება ჩაიწერა: სკოლამ საზეიმო ვითარებაში გააცილა თავისი მე-19 გამოშვების მეთორმეტეკლასელები. საღამო ტრადიციულად საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა.
წელს სკოლა 8 გამორჩეულმა ახალგაზრდამ დაასრულა. თითოეული მათგანის ორმაგი ატესტატს მიიღებს (როგორც ეროვნულ, ისე ბრიტანული საერთაშორისო ატესტატს). ეს აღიარება ჩვენს კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სწავლა შეუფერხებლად გააგრძელონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათმა უმრავლესობამ უკვე მიიღო შეთავაზებები მაღალი რეპუტაციის მქონე სხვადასხვა სასწავლებლებიდან.
კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება და მნიშვნელოვანი წარმატება სკოლის ხელმძღვანელობამ, დამრიგებელმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ბიჯიესის პარტნიორი ორგანიზაციის -ბრიტანული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბატონი ლევან გურგენიძე, რომელმაც ახალგაზრდებს სიტვით მიმართა.
სკოლის სახელით დამსწრე საზოგადოებას ემოციური და შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებელი სიტყვით, ქართულ და ინგლისურ ენებზე, მიმართეს კურსდამთავრებულებმა – საბა სამხარაძემ და მარიამ დავითულიანმა.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ სიურპრიზად იქცა საგანგებოდ მომზადებული ვიდეოკლიპები, რომლებიც მოსწავლეებმა და სკოლის ადმინისტრაციამ მოამზადა. ამ კადრებმა სკოლის კედლებში გატარებული საუკეთესო წლები, მეგობრობა და დაუვიწყარი მოგონებები გააცოცხლა.
მშობლების საზოგადოების სახელით, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ქალბატონმა თიკა ტყემალაძემ. საღამოს კულმინაცია კი ტრადიციული სადღესასწაულო ტორტის გაჭრა და კეთილი სურვილების გაზიარება აღმოჩნდა.
ბიჯიესი ამაყობს თავისი მე-19 გამოშვებით! თითოეულ კურსდამთავრებულს ვუსურვებთ, მყარად და ღირსეულად ევლოთ დასახული მიზნებისკენ!

Leave A Comment