ძირითადი საგნების გარდა, მოსწავლეებს შემოქმედებითი და სხვა ტიპის განმავითარებელი მეცადინეობებიც უტარდებათ: მუსიკა, ხატვა, სიმღერა, კერამიკა, ჭადრაკი, კარატე და ცეკვა. მათ ასევე შეუძლიათ სხვა ფიზიკურ აქტივობებშიც მიიღონ მონაწილეობა (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი).
ბიჯიესში „დიალოგების“ პროექტი მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა აზროვნების უნარის განვითარებას და სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებას. სკოლის სხვადასხვა საფეხურზე შეხვედრები შემდეგი თემატიკით წარიმართება: I-VI კლასები – მე და სამყარო; VII – VIII კლასები – სიბრძნის სიყვარული; IX- X კლასები – ნაციონალური იდენტობა; XI – XII კლასები – თანამედროვე გამოწვევები. გაკვეთილები სრულად ინტერაქტიულია.
მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაში ტარდება საგნობრივი გასვლითი გაკვეთილები და ექსკურსიები, ეწყობა ორკვირიანი გასვლები სამთო-სათხილამურო კურორტებზე და ყოველწლიურად იგეგმება ერთთვიანი გამგზავრება ინგლისის,ესპანეთისა და მალტას საზაფხულო სკოლებში, სკოლის წარმომადგენლის თანხლებით.
სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებელთა სტაჟირებასა და მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ინგლისის ორ წამყვან სკოლასთან – სიდკოტთან და ლეიტონპარკთან.