სამი წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ მომავალში ექიმი უნდა გავმხდარიყავი. ჩემი ღრმა რწმენით, ამ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიისათვის საჭირო უნარები სწორედ ბიჯიესში ჩამომიყალიბდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია და დროის იდეალურ მენეჯმენტს გულისხმობს. ამას გარდა, ექიმს საკუთარ სფეროში არსებული უცხოური სიახლეების გაცნობის, კრიტიკული აზროვნების, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, პრობლემების დროულად გადაჭრის, სხვებზე ზრუნვისა და ქველმოქმედების გაწევის უნარიც უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი სწორედ ბიჯიესში სწავლის გამოცდილებამ განმივითარა.

ვფიქრობ, ამ სკოლის დამთავრების შემდეგ, სადაც ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით, ჩვენ ყველანი ჩამოვყალიბდით დამოუკიდებელ პიროვნებებად და მარტივად შეგვიძლია შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ცხოვრებაში გვხვდება.