თუ იცით, სად ცხოვრობს მეზღაპრე?

ჩემს ძმას ანდრიას და მის მეგობრებს, თანატოლებს!

ალბათ, კედლებზე დადიხარ უკვე☺. თუმცა, მინდა იცოდე, რომ მარტო არა ხარ. ისე, 12 წლის ასაკში ამხელა მოქალაქობერივი პასუხისმგებლობა თუ დაგაწვებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მეც ძლივს ვჩერდები სახლში, მაგრამ ჩვენი ასეთი საქციელით და იმედიანი განწყობით აუცილებლად დავძლევთ პანდემიასაც და ყველა სირთულეს. გაიხსენე საინტერესო პესონაჟები, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროს გადარჩენა… იკითხე ბევრი. დღესდღეობით ექიმები, ექთნები და სხვა მომსახურე პერსონალი გმირები არიან და ამ ღირსეულ ადამიანებს ხომ უნდა დაუფასდეთ თავიანთი საქმიანობა! ამიტომ ჩვენ ცოტა ხნით დავრჩეთ სახლში და დავეხმაროთ ერთმანეთს. სახლშიც შეიძლება საინტერესოდ გავატაროთ დრო.

მაშო ჯმუხაძე
ამერიკული თვითიზოლაციიდან

სად ცხოვრობს მეზღაპრე?

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს. ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა ცელქი ბიჭუნებივით კოტრიალობენ ფერდობებზე, იზრდებიან და მერე ჩვენკენ მოდიან რუხრუხითა და მუქარით. ტბა კი სარკეა ბუნებისა. ყველას უყვარს შიგ მზერა და კეკლუცი – მთებსაც და ღრუბლებსაც, მთვარესაც და ვარსკვლვებსაც, ყვავილებსაც და ხეებსაც. დილდილაობით, მზე რომ ამოსვლას დააპირებს, ამ სიბნელიდან ნისლივით მსუბუქი მოხუცი გამოდის. ხელში გრძელტარიანი ანკესი უჭირავს, ცუკცუკით გაივლის ტბის შამბიან ნაპირზე გადებულ ფიცარნაგს და იმ ფიცარნაგის წვერზე ფეხმორთხმული ჯდება. ტბა აქ უამრავი ფერითა და წვრილი თევზით არის სავსე. მოხუცი გაუნძრევლად ზის, გაუნძრევლად უჭირავს ანკესის ტარიც. მხოლოდ წითელი ტივტივა თრთის და, როცა ტივტივა ჩაიძირება ღრმად, მოხუცი ამოსწევს ანკესის დამძიმებულ ტარს და მზეზე აბრჭყვიალებულ თევზს სწრაფად იჭერს ჰაერში. ასე თევზაობს საღამომდე. საღამოს კი უნთია ცეცხლი პაწაწინა ქოხის წინ, ხარიხაზე ჩამოკიდებულ ქვაბში იხარშავს საჭმელს. გამოდიან: კურდღლები, მელიები, ციყვები, მაჩვები და ტურები. შეკრავენ ცეცხლის ირგვლივ წრეს. სხედან მორჩილად და სათითაოდ ჰყვებიან თავთავიანთ ამბებს. მოხუცს კი გაშლილი აქვს სქელი, ვეებერთელა რვეული, დამჭკნარ ტუჩებთან მალ-მალე მიაქვს წვერბოკოლა ფანქარი და მერე იმ ვეებერთელა რვეულში წერს, წერს მათ ნაამბობს, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ – ზღაპრებს. მაღლა, ღამეში შეკარგულ ვერხვებზე კი ნაღვლიანი ჭოტი ზის და თვალებდახუჭული ითვლის წუთებს: ჭუუტ! ჭუუტ! ჭუუტ!

რევაზ ინანიშვილი