ძირითადი საგნების გარდა, მოსწავლეებს შემოქმედებითი და სხვა ტიპის განმავითარებელი მეცადინეობებიც უტარდებათ: მუსიკა, ხატვა, კერამიკა, ჭადრაკი, ცურვა და აერობიკა. მათ ასევე შეუძლიათ სხვა ფიზიკურ აქტივობებშიც მიიღონ მონაწილეობა (ფეხბურთი, კალათბურთი და მაგიდის ჩოგბურთი).

სკოლის ინოვაციური კურსები “ქართული კულტურის საფუძვლებსა” და “შემოქმედებით წერაში” ეხმარება მოსწავლეებს ზნეობრივი ფასეულობების ჩამოყალიბებაში, უკეთ აცნობიერებინებს მათ, თუ საიდან მოდიან და საით უნდა წავიდნენ, და უღვივებს შემოქმედებით აზროვნებასა და გემოვნებას.

სკოლას მოსწავლეები მუდმივად დაჰყავს ექსკურსიებზე, უწყობს ორკვირიან გასვლებს სამთო-სათხილამურო სპორტის კურორტებზე (საშობაო არდადეგების დროს) და სთავაზობს ერთთვიან გამგზავრებას ინგლისის საზაფხულო სკოლებში სკოლის წარმომადგენლის თანხლებით.

რაც მთავარია, 2014-15 სასწავლო წლიდან, სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებელთა სტაჟირებასა და მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ინგლისის ორ წამყვან სკოლასთან-სიდკოტთან და ლეიტონპარკთან.

სკოლის კლასგარეშე მუშაობა ინტერესის კლუბებში გაერთიანებასაც გულისხმობს. კლუბების რაგვარობა და ჩამონათვალი წლიდან წლამდე იცვლება მოსწავლეთა ინდივიდუალური მისწრაფებებისა და ინტერესების მიხედვით.