COBIS – ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭო

აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით 400-ზე მეტ სკოლასა და სხვა საგნმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს. ის მოწოდებულია, დაეხმაროს წევრ დაწესებულებებს პროფესიულ წინსვლასა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში. ამდენად, საბჭოს ძირითადი მიზნებია:

  • წევრი დაწესებულებების სწავლა-სწავლებისა და მომსახურების მაღალ ხარისხზე ზრუნვა;
  • მათი წარმომადგენლის როლის შესრულება ბრიტანეთის მთავრობასთან, განათლებაზე პასუხისმგებელ სხვა ორგანიზაციებთან და კორპორატიულ სექტორთან;
  • წევრი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზება;
  • სკოლათშორისი კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება ყველა ასაკისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა მონაწილეობით;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება/მიწოდება
  • პროფესიონალებისათვის კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შეთავაზება ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში – COBIS network.

საბჭო გეგმავს და ახორციელებს კონფერენციებსა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს, პროფესიონალთა შეხვედრებს პირისპირ ან ონლაინ რეჟიმებში და სპეციალურ ტრენინგებს, რომელთა ფარგლებშიც წევრ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევა ერთმანეთი გაიცნონ და პროფესიული ურთიერთობები დაამყარონ.

COBIS-ში გაერთიანება მხოლოდ იმ სკოლებს შეუძლიათ, რომლებიც აკმაყოფილებენ მის გარკვეულ მოთხოვნებს სკოლის საქმიანობის ყველა ასპექტში. ამდენად, ამ საბჭოს წევრობა ერთგვარი დასტურია იმისა, რომ სკოლა სრულად აკმაყოფილებს განათლების საერთაშორისო სტანდარტის ყველა პუნქტს.

წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლა COBIS-ში 2013 წლიდან არის გაერთიანებული. ჩვენი მოსწავლეები რეგულარულად მონაწილეობენ საბჭოს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონკურსებში და არაერთი მაღალი ხარისხის ჯილდო აქვთ მოპოვებული კულტურის, მეცნიერებისა თუ ხელოვნების დარგებში. მათი წარმატებების დამადასტურებელი სიგელები სკოლის ჰოლშია გამოფენილი, ხოლო დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ სკოლის ყოველთვიური სიახლეების ჟურნალშია ასახული.