“სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება და 4 ნოემბრიდან 25-ნოემბრამდე ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სასწავლო პროცესი გადავა სრულად დისტანციურ ფორმატზე, სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში.” – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული. “ერთი საკითხი იყო სკოლები სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული და მეორე დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს არ გამწვავდეს მეტად ამ ქალაქებში ეპიდსიტუაცია. ეს ქალაქები სრულად გადავა დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები“,- განაცხადა დგებუაძემ.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.