ინტერვიუ ფსიქოლოგ მარინა კაჭარავასთან

– როგორ გვირჩევთ, ჩვენი შიშები (ფობიები) არ გამოვამჟღავნოთ, დავფაროთ თუ ერთმანეთს გავუზიაროთ, ასე ადამიანი უფრო დამშვიდდება?

– შიში არის ძალიან ბუნებრივი და საჭირო ემოცია, ის არის ქცევის მაკონტროლებელი, მაგალითად, თუ ცეცხლის გეშინია, მასში არ ჩახტები? შიში ქცევის კორექციას ახდენს და რომ არა შიში, ადამიანი ან ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება შეიძლებოდა უფრო მალე დაღუპულიყო, ვიდრე შიშის გარეშე, მაგრამ თუკი შიში რაღაც შკალას ცდება, ანუ გადადის ფობიაში, ის უკვე ქცევის დეორგანიზებას იწვევს, ანუ ადამიანი ვერ ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას. თუ გეშინია, ეს აუცილებლად უნდა თქვა, მაგრამ გააჩნია ვისთან ამბობ და როგორ ამბობ, რადგან მე თუ ჩემი შიში ჩემს შვილს გავუზიარე, რომელიც ჩემზეა დამოკიდებული, მე მიყურებს როგორც მხარდამჭერს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას კიდევ უფრო შეეშინდება.

– სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია, ამის შესანარჩუნებლად არაჩვეულებრივია არტთერაპია ჩვენი შიში (როგორიც წარმოგვიდგენია) უნდა დავხატოთ ან გამოვძერწოთ, შემდეგ კი ეს ნამუშევარი გავანადგუროთ ან ასე ვთქვათ, რამე დადებითად გადავაკეთოთ. ჩემი შიში ხომ თავშია, ჩემი ხელი კი გახდება “ტრასა”, რომლის საშუალებით ჩემი შიში გადავა ფურცელზე და მე მოვახერხებ შემდეგ მასთან გამკლავებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მდგომარეობაში მარტო არ ვარ. როდესაც შენი გარშემომყოფებიც შენნაირად გრძნობენ თავს, ეს გამშვიდებს, სიმტკიცეს გმატებს, რომ მარტო არ ხარ და რომ ყველა ერთად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. როგორც ყველა განსაცდელი მოვიდა და წავიდა, კოვიდ – 19-იც გაივლის. ამ პანდემიას ახლავს ინფოდემია ანუ ინფორმაციული პანდემია – ისეთ პანიკას თესავენ, რომ ადამიანს ამოსუთქვის საშუალება არ აქვს.

– როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა თვითიზოლაციას მოზარდის (თინეიჯერის) ფსიქიკაზე მძიმე გავლენა მერეც? როგორ დავუბრუნდებით ძველებურ რიტმს, გართულდება თუ არა ურთიერთობები, გავუცხოვდებით, თუ მონატრებულები უფრო მოსიყვარულები და მიმტევებლები ვიქნებით?

– თუ ასეთი სიტუაცია გრძელდება, პირობითად, თვეზე მეტხანს, ეს, როგორც ქცევითი პატერნი (ნიმუში, ფორმა), ისე შემოვა ჩვენს რეპერტუარში. მაგალითად, რომ თავი გაწიო და არ გადაკოცნო, არ მიუახლოვდე ადამიანს, დაცემინებაზე რეაქცია გქონდეს. ეს რატომ ხდება? რადგან ფიქსირდება ადამიანის გარკვეული განწყობა და ქცევა და ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქცევითი პატერნი შეიცვლება. მაგრამ როცა გავა დრო და ხალხი უსაფრთხოდ იქნება, კვლავ ძველ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. მაგრამ გინახავთ ადამიანი, რომელიც თვალს გარიდებთ, ცდილობს თვალებში არ შემოგხედოთ, რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ მისთვის თვალებში ყურება რაღაცა საფრთხესთან ან ბავშობის ტრავმასთან ასოცირდება. ზუსტად ასევე შეიძლება ბევრს დაუფიქსირდეს და სხვის დანახვაზე თავი გაწიოს ვირუსის გადადების შიშის გამო. როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები ამბობენ, ეს დაახლოებით 18 თვე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ამ დროის შემდეგ ადამიანი დროებით სხვა რეჟიმზე გადავა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ის ისევ ძველ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამაშიც არაფერიაარის საგანგაშო, რომ ხელი დაიბანო, ჰიგიენას მიაქციო ყურადღება, ვიღაცას ცხვირ-პირში არ მიაცემინო ეს ჩვევები ისედაც არ გვაწყენდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახლა კი ამას უფრო მეტ დროსა და ყურადღებას დავუთმობთ და უფრო მივაქცევთ ყურადღებას.

– ახალი ამბები ძალიან გვაინეტრესებს, მაგრამ ასევე გვაშინებს, რა ვქნათ ასეთ დროს? როგორ მოვერიოთ ჩვენს თავს და მოვიშოროთ თავიდან მძიმე ფიქრები/შიშები მაგალითად, კორონავირუსის შეყრის ან სიკვდილის ?

– უნდა დაუწესოთ საკუთარ თავს, რომ ახალ ამბებს დღეში ერთხელ გავეცნოთ, სხავაგვარად ძალიან გაძნელდება ცხოვრება. განსაკუთრებით ახლა, ადამიანისთვის უფრო რთულია სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრება, ვერ დავემალებით ინფორმაციას, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ უფრო განმავითარებელ ვიდეოებს ვუცქიროთ, მუსიკას მოვუსმინოთ, ვეკონტაქტოთ არატოქსიკურ ადამიანებს, ვივარჯიშოთ, ვიცეკვოთ. ადამიანს დაბადებისთანავე აქვს სიკვდილის შიში, ეს არის შიში, რომელიც გახსენებს, რომ სიცოცხლე არის ძალიან ძვირაფასი, შიში, რომელიც გახსენებს, რომ ისწავლო და ყოველი წუთი გამოიყენო, რომ განვითარდე და ბევრი სიკეთე აკეთო. ხვალ რა იქნება, არ ვიცით, ხვალისთვის (ანუ სამომავლოდ) სამი რამ – რწმენა, იმედი და სიყვარული – მჭირდება, წარსულსაც არ უნდა გავეტიროთ, რადგან ის უკვე აღარ არსებობს. ერთადერთი, შეგვიძლია წარსულს შევხედოთ, როგორც ძალიან კარგ და მნიშვნელოვან გამოცდილებას მარცხის ჩათვლით (რადგან თუ არ წაიქცევი, ვერც ცხოვრებას ისწავლი) სულ გამარჯვებული ადამიანი ძალიან რთული საურთიერთოა. წარსული არის ის გამოცდილება, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავალი
ჯერ არ გათენებულა, როდესაც ვლოცულობთ და “მამაო ჩვენოს” წარმოვთქვამთ,ვითხოვთ, რომ პური არსობისა დღეს მოგვეცეს და არა 100 წლით), დღეს – დღევანდელობა არის ცხოვრება, ხოლო ხვალის გამოწვევას ხვალ შეხვდები, შფოთვა ნიშნავს, რომ არ ცხოვრობ დღეს, ცხოვრობ წარსულით ან მომავლით. ახლა ჩვენ შანსი გვაქვს, რომ განვვითარდეთ, გავიცნოთ ერთმანეთი, აღარ ვართ საცობებში, არსად მიგვეჩქარება დაღლაილები აღარ ვართ, თითქოს დედამიწამაც დაისვენა. ამიტომ გამოვიყენოთ ეს დრო დადებითად, იმედით, რწმენითა და სიყვარულით გადავლახოთ დაბრკოლებები.

– რა შეიძლება გავაკეთოთ, სახლში ყოფნა ვალდებულება რომ არ გვეგონოს და თავი ისე ვიგრძნოთ, რომ სახლში ყოფნა ჩვენი სურვილია? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარეთ გასვლის სურვილი როგორ ვაკონტროლოთ?

– უნდა ვიფიქროთ რომ სახლში ყოფნა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ეს დაავადება, უნდა იცოდე, რომ ამით უფრთხილდები მოხუცებს, პატარებს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს და ამას აკეთებ პასუხის მგებლობის გამო, რადგან მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემივე თანატოლების, უფროსების მიმართ (იძულებით კი არ ვართ ჩკეტილი). მართალია, განსხვავებული და არაორდინარულია დღევანდელი ყოფა, მაგრამ ეს არის შესანიშნავი გამოცდილება, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შემდეგ გაგვახსენდება ღმილით. ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ გადავარჩინოთ ერთმანეთი. რაც შეიძლება მშვიდად უნდა ვუყუროთ რეალობას და მივიღოთ ის, თუმცა, თავს ნუ მოვიტყუებთ, შეგვიძლია, ეს დრო გამოვიყენოთ და ვითმაშოთ, ვიოცნებოთ, ზღაპრები და მოთხრობები დავწეროთ, მაგრამ რეალობას ძალიან არ უნდა მოვწყდეთ, რადგან ფსიკიკას ასე ვერ დავიცავთ, ჯობია რეალობა მიიღო, ისეთი როგორიც არის და გამკლავების მექანიზმები ყველას გვაქვს, მართლაც, ძალიან დიდი დრო გამოგვითავისუფლდა, რომელიც საერთოდ არ გვქონდა და ეს დრო შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ (როგორც ვთქვით, ვარჯიში, მუსიკის მოსმენა, წაკითხვა, საინტერესოს გაკეთება/მოფიქრება, ახალი თემების, ენის შესწავლა დადებითად მოქმედებს).

– რატომ არის, რომ ადამიანი ცუდი ამბის გაგებისთანავე პანიკაში ვარდება და გაუზრებლად მოქმედებს (მაგალითად, ითქვა, რომ ტუალეტის ქაღალდი დეფიციტი იქნებაო და ადამიანებმა უაზროდ დიდი რაოდენობით იყიდეს…), რატომ ვერ აკონკროლებს თავს ადამიანი, როდესაც პირველი ემოცია გაივლის, ერთმანეთის შემხედვარე რატომ ვმოქმედებთ უკონტროლოდ?

– უპირველესად, ეს არის გავლენის ფსიქოლოგიის სფერო. მაგალითად, ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: (საცდელ პირი ხედავს, როგორ აჩვენებენ 15 პირს ორ ფანქარს – გრძელსა და მოკლეს და სთხოვენ, დაასახელოს რომელია გრძელი. ვინაიდან ეს 15 პირი წინასწარ არის გაფრთხილებული, რომ არასწორი პასუხი უნდა გასცენ, მოკლე ფანქარზე მიუთითებენ. მიუხედავად იმისა, რომ საცდელი პირი მათი პასუხით გაოგნებულია, ის საბოლოოდ მაინც არასწორ პასუხს ირჩევს, რადგან მიღებული ინფორმაცია მასზე ზემოქმედებს და ფიქრობს რომ თავად ცდება. ეს არის ტენდენცია, “მიმსგავსების მიკუთვნებულობა რაღაც ჯგუფთან, რომელიც საერთოდ ახასიათებს ადამიანს ჯგუფთან მიმართებაში, რომ არ გარიყონ ჯგუფიდან. ცუდ ინფორმაციას აქვს სტადიები: პირველი არის შოკის სტადია, შოკი არის, როდესაც ადამიანი კარაგად ვერ აზროვნებს და არის დათრგუნვილი, ამას მოჰყვება უარყოფა, როდესაც არ გვჯერა, მერე ბრაზი, ბრაზს მოჰყვება სევდა, დეპრესიული ფაზა, შემდგომ კი იწყება ადაპტაციური რესურსი, როდესაც აცხადებენ, რომ ტუალეტის ქაღალდი აღარ იქნება, ეს იწვევს ადამიანებში შიშს, პანიკას და შოკს, რომ უნდა გაიქცეს და იყიდოს სასწრაფოდ, თორემ არ იცის რა ეშველება. ამ დროს ვერ აზროვნებს, რადგან ბევრი აკეთებს, დარწმუნებულია, რომ სწორად იქცევა. ეს არის პიროვნების მასად გადაქცევის ტექნოლოგია, მასას არ აქვს არანაირი პასუხსმგებლობა, რადგან მასაში თუ მოვყვები, შეიძლება მეც გავიქცე, სხვა გზა არ მქონდეს. ამ დროს ჯოგური პრინციპი მუშაობს და მასაში არ არის პიროვნული პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანია ცალკე დარჩე პიროვნებად, შესანიშნავი მაგალითია სახარებაში, მასასა და პიროვნებას შორის განსხვავება: მაცხოვარი ზის და თითით ხატავს ქვიშაზე, მასთან მოიყვანენ მეძავ ქალს, რომელსაც უპირებენ ჩაქოლვას, და მაცხოვარი პასუხობს, რომ ვინც უცოდველია, იმან ესროლოს ქვაო. ამ სიტყვებით მოხდა იმ ადამიანებში პიროვნების, პერსონის ამობრწყინება, პერსონა ვარ და უნდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს ქცევაზე, ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ ინფორმაციის დიფერენცირება გააკეთოთ. ემოცია ისე ფარავს აზროვნებას, რომ ადამიანს კარგად/სწორად აზროვნების უნარს უხშობს. ქცევის დეზორგანიზაციას იწვევს.

– რას ნიშნავს ადამიანისათვის მშობლიური ენა და რა გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე? შესაძლებელია თუ არა ადამიანმა მშობლიური ენა დაივიწყოს? (ჩვენ წელს ვისწავლეთ მოთხრობა “მიწის ყივილი”, ვნახეთ ფილმი “ფესვები” და იქ აღწერილი ამბავი (მშობლიურ ენასთან დაკავშირებით), ფსიქოლოგიურად რამდენად რეალისტურია?

– ადამიანი დაბადებისთანავე იღებს რაღაც ინფორმაციას მშობლიურ ენაზე. ტვინში არის “მყარი დისკი”, რომელზედაც ინფორმაცია იწერება მშობლიურ ენაზე. არაცნობიერ ფსიკიკას ესმის ენა და ის იმახსოვრებს მუცლად ყოფნის დროსაც კი ყველაფერი შეიძლება წაიშალოს, მაგრამ მშობლიური ენა არის ის, რაც ადამიანს რჩება ბოლო საყრდენად. ადამიანმა შეიძლება მეტყელების უნარი დაკარგოს, მაგრამ გზავნილი ესმის, მაგალითად კომაში მყოფ ადამიანს. ჩვენი ფსიქიკა არის მრავაპლასტიანი და რთულად მომუშავე. ემოცია, აზროვნება, ფსიქიკა არის ტვინის მუშაობის პროდუქტი, რომელიც სამყროსთან არის დამაკავშირებელი.

– დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ.

P.S. როდესაც მე და ანამარიამ გადავწყვიტეთ ჩვენი პროექტისათვის ინტერვიუ ჩაგვეწერა, ადვილი მოგვეჩვენა, მაგრამ ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. ჩვენ გვეგონა, რომ შეკითხვებს მოვიფიქრებდით და მერე მარტივად ჩავწერდით. მაგრამ შეკითხვების მოფიქრება ძალიან რთული ყოფილა, ინტერნეტი “გადავქექეთ”, ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, რომ საინტერესო და პრაქტიკული შეკითხვები დაგვესვა. როგორც იქნა შევთანხმდით და გვეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ინტერვიუს ჩაწერაღა იყო დარჩენილი. რუსიკო მასწავლებელმა ღიმილით აგვიხსნა, ჩანაწერს გაშიფვრაც სჭირდებაო, ცოტაც და, უარს ვიტყოდით, მაგრამ როდესაც ჩვენს შეკითხვებს, რომლებიც მართლა გვაინტერესებდა, პასუხი გაეცა, ძალიან კმაყოფილი დავრჩით, ბევრი ახალი რამ გავიგეთ, დიდი გამოცდილება და სიამოვნება მივიღეთ.

ანა მარია ვიბლიანი
თამარ ჭყონია