აკადემიური პროგრამა

წმ. გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა BGS მოსწავლეებს სთავაზობს 12-წლიან გაფართოებულ პროგრამას, რომელიც ფარავს ეროვნულ პროგრამასა და ბრიტანული საერთაშორისო პროგრამის ძირითადი საგნებს. შედეგად, ჩვენი ორენოვანი სასწავლო პროგრამა სრულად პასუხობს ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელ მოთხოვნებს და სავსებით კომფორტულია მოსწავლეთა მრავალეროვნული კონტინგენტისათვის. საგნობრივი სწავლება მოსწავლეებზე ორიენტირებული, ინტერაქტიური მეთოდით მიმდინარეობს და გულისხმობს პრაქტიკული აქტივობების მაღალაკადემიურ ხარისხთან ინტეგრირებას.

ამჯერად ბრიტანული საგამოცდო პროგრამიდან ხელმისაწვდომია შემდეგი საგნები: ინგლისური, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, ბიზნესი და რუსული, როგორც უცხოური ენა.

დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები)

დაწყებითი საფეხურის პირველივე კლასიდან, მოსწავლეები ინტენსიურად იწყებენ ინგლისური ენის შესწავლას, რასაც, ინგლისურენოვანი საგნებიდან, მესამე კლასში ემატება ბუნებისმეტყველება, მეხუთეში – გეოგრაფია, მეექვსეში კი – ისტორია. რაც შეეხება მათემატიკას, იგი იმთავითვე ქართული და ბრიტანული პროგრამების შეჯერებული ვარიანტით ისწავლება. ქართული კურიკულუმის ყველა საგანი. ბუნებრივია, ისწავლება ეროვნული პროგრამის მიხედვით.

საბაზო საფეხური (VII-IX კლასები)

საბაზო საფეხურზე, რომელიც დაწყებითიდან საშუალოზე გარდამავალი ეტაპია, მოსწავლეები უკვე ყველა ბრიტანული პროგრამით გათვალისწინებულ საგანს ქართულ პროგრამასთან შეჯერებული ვარიანტით სწავლობენ. ამ საფეხურზე ეროვნული პროგრამა 12 სხვადასხვა საგანს მოიცავს: ქართულს, ინგლისურს, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ისტორიას, გეოგრაფიას, უცხოურ ენებს, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, მუსიკას და სპორტს.

საშუალო საფეხური (X-XII კლასები)

საშუალო საფეხურის მოსწავლეები კვლავ განაგრძობენ ორივე პროგრამით სწავლას და აბარებენ როგორც ბრიტანულ საერთაშორისო საატესტატო საგნებს (IGCSE), ისე ქართულს. ამავე ეტაპზე იწყებენ მსურველები მზადებას საერთაშორისო საუნივერსიტეტო მისარები გამოცდებისათვის (A-Level) ოთხ, მათ მიერ არჩეულ საგანში, რომლებსაც მეთორმეტე კლასის ბოლოს (ან ერთი დამატებითი წლის თავზე) ადგილზევე აბარებენ ბრიტანეთის საგამოცდო ცენტრიდან (Edexel Exam Board, UK) გამოგზავნილი ტესტებით.

ბრიტანული კვალიფიკაციები

სკოლის ყველა მოსწავლე აბარებს ბრიტანულ საერთაშორისო გამოცდებს ინგლისურში, მათემატიკაში, უცხოურ ენაში და კიდევ ოთხ საგანში არჩევითად. წარმატების შემთხვევაში, მოსწავლეები იღებენ შესაბამის ატესტატს (Edexcel IGCSE), რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ და ვალიდურია მსოფლიოს ყველა მოწინავე უნივერსიტეტში ჩაბარებისას თუ სამუშაო ადგილის მოპოვებისას, რადგანაც მოწმობს, რომ მის მფლობელს მყარი და საფუძვლიანი საშუალო განათლება აქვს.

17-18 წლის ასაკიდან, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ უკვე საერთაშორისო საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის (IGCSE და A-Level) ან ეროვნული გამოცდებისათვის მოემზადონ მათ მიერ შერჩეულ ოთხ საგანში. ამათგან ბრიტანული საერთაშორისო გამოცდები იმავე ორგანიზაციიდან (Edexcel) გამოგზავნილი ტესტებით ლოკალურად, სკოლაშივე ბარდება და გასასწორებლად ინგლისში იგზავნება.

ზემოაღნიშნული საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოცდები მეტად პრესტიჟულია და, შესაბამისად, ვალიდურია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოსახვედრად თუ მუშაობის დასაწყებად სპეციფიკურ სექტორებში.

ყველა მოსწავლის ინდივიდუალურ წარმატებაზე ზრუნვა

იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც უჭირთ ინგლისური ენის ათვისება, მასწავლებლები დამატებით, ჯგუფურად ან ინდივიდუალურად მუშაობენ სკოლასთან არსებულ სასწავლო ცენტრში “English & IQ” გაკვეთილების შემდეგ, რაც საშუალებას აძლევს აღნიშნულ მოსწავლეებს საკუთარ კლასთან ერთადაც იმეცადინონ.

ინგლისური პროგრამის საგნები ისწავლება მაღალი ხარისხის ბრიტანეთიდან გამოწერილი წიგნებითა და სასწავლო მასალებით, რომლებიც საშუალებას იძლევა სწავლა-სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდით წარიმართოს.

საშინაო დავალება ჩვენი სწავლების მეთოდის განუყოფელი ნაწილია. ამდენად, სწავლების პირველივე წლებიდან, მოსწავლეებს მუდმივად აქვთ შესასრულებელი საშინაო დავალება.