2017 წლის გამოსაშვები საღამო

ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი მოსწავლეებისათვის 9 ივნისს, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში’’ ჩატარდა სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიება. მეთორმეტე კლასელებს მივულოცეთ სკოლის დამთავრება, პირველკლასელებს კი პირველი სასწავლო წლის დასრულება.

ცერემონია, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი იყო: BGS-ის ცეკვის ანსამბლმა და გუნდმა ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერებით გვასიამოვნეს. VI კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გაკეთებული მარიონეტებით გამართული წარმოდგენა შემოგვთავაზეს.

კიდევ ერთი წარმატებული სასწავლო წლის დასრულება საზეიმოდ აღნიშნა მთელმა სკოლამ!

მომხსენებლები:
  • დოქტორი კრისტოფერ გრინფილდი – დირექტორ ემერიტუსი
  • დოქტორი ეკა კვაჭანტირაძე – დირექტორი
  • ბესო ჩიქვინიძე – მეთორმეტე კლასის დამრიგებელი
  • რუსო დუშუაშვილი და ნატა ხატიაშვილი – მეთორმეტე კლასის მოსწავლეები
  • მაშო ჯმუხაძე – ჩვენი ყოფილი მოსწავლე

ყველა გამომსვლელმა მიულოცა და წარმატება უსურვა კურსდამთავრებულებს, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მათი სასკოლო ცხოვრებიდან. მაშომ სიურპრიზი გაუკეთა თანაკლასელებს. მან არა მხოლოდ თავად მიმართა ძალიან გულთბილი სიტყვით მეგობრებს, არამედ ელენე ცაგურიასა(ჰოლანდიიდან) და სანდრო გორგაძის (დიდი ბრიტანეთიდან) მოლოცვებიც გადასცა:

„რაც დრო გადის, მით უფრო ვაფასებ ჩვენს სკოლასა და მასწავლებლებს. ჩემი კლასელები გადამიკოცნე და ჩემი მცირეოდენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უთხარი, რომ სხვაგან არსად არ არის ისეთი სითბო და ურთიერთგაგება მეგობრობაში, როგორც საქართველოშია. ძალიან ვამაყობ თქვენით და მიყვარხართ, გგულშემატკივრობთ, დიდი სიყვარულით გიხსენებთ და ერთი სული მაქვს როდის გნახავთ.“ელენე ცაგურია
„ვამაყობ, რომ ასეთი კეთილი, მოსიყვარულე, ბედნიერი და არაჩვეულებრივი ხალხია ჩემ გვერდით ამდენი ხანი და კიდევ უამრავი წელი იქნება. ბევრჯერ გვქონია საუბარი იმაზე, თუ როგორი განსაკუთრებული კლასი ვართ, ასეთ განსაკუთრებულ სკოლაში და ყოველთვის იმ დასკვნამდე მივსულვართ, რომ ძალიან გაგვიმართლა. მოიარეთ ცა და დედამიწა და ვერასოდეს ვერსად იპოვით ისეთ კლასს, როგორიც მე მყავდა.“სანდრო გორგაძე
„ჩემს თქვენდამი სიყვარულს ვერასდროს გამოვხატავ ვერც სიტყვით და, ალბათ, ვერც საქციელით, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომლებმაც ჩემი სწავლის ეს სამი წელი გამიბედნიერა და ვიცი, რომ წლების შემდეგაც ისეთივე პატარა BGS-ის ოჯახი ვიქნებით როგორიც ახლა ვართ.“მაშო ჯმუხაძე